Monday, December 22, 2014

იდეა დაიბადა

„თეატრი  ისევე  ძველია, როგორც ადამიანი“

                                                                        ჟან-ლუი   ბარო



ყველა  ერისთავს  როდი  რგებია პატივი  ერის  თავობისა;  გიორგი  ერისთავს
ერგო.   ამაზე ღაღადებენ  მისი  საქმენი:
ახალი  ლიტერატული  მიმდინარეობისთვის  საფუძვლის  ჩაყრა;
ახალი  ლიტერატურული  ჟანრის  მამამთავრობა;
ახალი  თეატრის  დაფუძნება;
ახალი ლიტერატურული  ჟურნალის  დაარსება;
პირველი  ქართველი  რეალისტი,  პირველი  ქართველი  კომედიოგრაფი,  პირველი  ქართული ლიტერატურული  ჟურნალის  რედაქტორი,  პირველი  ქართული  თეატრის  მესაძირკვლე...
თითოეული   ამ  ღვაწლთაგანი  იკმარებდა  ერთი  კაცის  სახელის  უკვდავსაყოფად.
დაიბადა იდეა, ჩავღრმავებოდით დიდი  მამულიშვილის  ცხოვრებისა  და  შემოქმედების  შესწავლას,  რადგან  ადამიანი  მანამ  ცოცხლობს,  სანამ  მისი  ღვაწლი  ახსოვთ.  გიორგი  ერისთავის  ღვაწლი  კი  შთამომავალთაგან  დაუვიწყარია. შეიქმნა  პროექტის გეგმა
გიორგი  ერისთავის  „გაყრა“  და  ქართული  თეატრის  აღდგენა


ყველაფერი საუბრით დაიწყო -  რა  არის  ჩემთვის  თეატრი?

დაიწყო დაიგეგმა


ადამიანის ცხოვრება თამაშია. ადამიანს თეატრი ორეულივით დაჰყვება და არასოდეს შორდება. თეატრი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში თავისით, ისევე, როგორც სიზმარი. ჩვენზე ზემოქმედებს ხელოვნების ყველა დარგი, შეიძლება ყრუნი ვიყოთ და გვიტაცებდეს მხატვრობა, შეიძლება ბრმანი ვიყოთ და გვიყვარდეს მუსიკა, თეატრი ერთდროულად მოქმედებს ყველა გრძნობაზე: სმენაზე, მხედველობაზე, შეხებაზე, ყოველ ნერვზე, აღქმისა და ინსტინქტების მთელ  აპარატზე.

ქართული სათეატრო ხელოვნება ძალიან დიდი ხნის წინ აღმოცენდა ქართულ ხალხურ სანახაობათა წიაღში, მსგავსად უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლებისა, უძველესი საგალობლებისა, ხალხური სანახაობებიც მთელი საქართველოს კუთვნილება იყო. ქართული ხალხური თეატრის ძირითადი სახეები იყო: ბერიკაობა და ყეენობა. ეს დიდი სახალხო სანახაობა, საკარნავალო დღესასწაული ასხავდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ბრძოლას ფეოდალური ჩაგვრის ან უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. არსებობდა სასახლის კარის თეატრი - სახიობა, რომელიც მითოლოგიურ და სამიჯნურო სიუჟეტებს წარმოადგენდა. მეფე-პოეტი თეიმურაზ პირველი სახიობის შესახებ წერდა, რომ ეს იყო „საწვრთნელი, სულისა გასანათენი“. XVIII საუკუნეში ჩვენი დიდი წინაპარი ამ სიტყვებით თეატრს  სულის გამაფაქიზებელ, ამამღლებელ ფუნქციას ანიჭებს. სახიობის ცნობილი მგოსანი იყო იარალი შანშიაშვილი, ამავე დასს ამშვენებდა საიათნოვა და ცნობილი მსახიობი დავით მაჩაბელი. 1795 წელს, როდესაც აღა-მაჰმად ხანი თბილისს მოადგა, კრწანისის ბრძოლაში თბილისელთა ერთ რაზმს მიუძღვოდა წინ ხელში დაირით, უკ-რავდა სალხინო „შადიანს“ და მღეროდა, ამ ბრძოლაში დაიღუპა კიდეც. სწორედ ამ დავით მაჩაბელზე შექმნა ლადო ასათიანმა თავისი ცნობილი ლექსი „სალაღობო“:
„დაუკარით! რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,  გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას!  საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
... დაუკარით! და იმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი,
დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი!“
ისტორია ზოგჯერ მეორდება და პოეტის ამღერებული ლექსი კიდევ ერთხელ გაისმა 9 აპრილის ავბედით ღამეს და ქართველი გოგო-ბიჭების გულები მაჩაბლის გულის ძგერას გადააჯაჭვა.
მე-18 საუკუნეში ქართული კლასიცისტური თეატრი აღმოცენდა, რითაც ქართულმა სასცენო ხელოვნებამ მხარი აუბა რუსეთსა და ევროპას. ქართული თეატრის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო გიორგი ერისთავის მიერ თეატრის შექმნა 1850 წელს. ეს იყო დრო საქართველოში რუსული მმართველობის, ეროვნული თავისუფლების დაკარგვის ხანა. 1832 წლის შეთქმულების ჩაშლამ მამულის გამოხსნის იდეა ოცნებად აქცია და გაბატონდა რომანტიზმი. არ არსებობდა პროფესიული თეატრი, ხელოვნება და ლიტერატურა ოჯახურ სალონებში აგრძელებდა სიცოცხლეს. ალექსანდრე ჭავჭავაძის, მანანა ორბელიანისა და სხვათა სალონები იქცა კულტურის კერებად. ასეთ ვითარებაში 1850 წლის  2 იანვარს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის სააქტო დარბაზში გიორგი ერისთავმა მის მიერვე შექმნილი დასის მეშვეობით წარმოადგინა საკუთარი კომედია „გაყრა“. ეს იყო დიდი მამულიშვილური საქმე. ერისთავის თეატრმა მხოლოდ ექვსი წელი იარსება. სცენისმოყვარეები არ ცხრებოდნენ. მეტად პოპულარული გახდა ე.წ. ცოცხალი სურათები. ეს იყო სანახაობა, რომელიც პლასტიკურად გამოხატავდა ადამიანის ცხოვრების ერთ მომენტს, იყო უტყვი, უმოძრაო და ხანმოკლე, ზოგჯერ მთელი სპექტაკლი ვოვხალ სურათებად იდგმებოდა. არსებობდა მეორე ფორმაც - სცენური მხატვრული სიტყვა, გამომეტყველებით კითხვა. კითხულობდნენ დუდუკის, უფრო გვიან ფოტეპიანოს თანხლებით. „ვეფხისტყაოსანს“ საჯაროდ კითხულობდნენ ივანე მაჩაბელი,ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი და სხვანი. ქართველი სცენისმოყვარენი ორი ათეული წელი იბრძოდნენ პროფესიული თეატრის შესაქმნელად. 1878 წელს შეიქმნა დრამატული კომიტეტი, რომლის პირველი თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი იყო და შეიქმნა დასი. 1879 წელს აღდგა პროფესიული თეატრი. ამის შესახებ აკაკი წერეთელი წერდა: „მხოლოდ ერთადერთი ასპარეზი დაგვრჩენია-თეატრი, საიდამაც შეგვიძლია გავიგონოთ ჩვენი დედაენა, ის ენა, რომელზედაც მუსიკობდა რუსთაველი...“ ქვეყნის საკეთილდღოდ ამოძრავებულ ადამიანთა ღვაწლს შედეგი მოჰყვა, ქართული თეატრი მტკიცე საფუძველს დაეყრდნო, იმ მტკიცე ფუძეს, რომელზეც შემდგომ აღმოცენდა  ჩვენი დროის ქართული დრამატული თეატრი. დღეს ქართული თეატრი განვითრების საინტერესო ეტაპზეა. ქართული სცენის მოღვაწენი გამუდმებით ეძებენ მაყურებელთან უკეთესი კონტაქტის გზებს, რათა შეძრან მათი სული, გამოწვიონ მძაფრი ემოციები, ცრემლითა და სიცილით გააღვიძონ ზნეობა.
ჩემთვის თეატრი ცხოვრებისაგან განუყოფელია და რადგან ცხოვრება ფერთა სიმფონიაა, ფორმათა ფერხულია, ბგერათა შეხამებაა, ყველაფერს თეატრი აერთიანებს. თეატრალიზებული ცხოვრება ცხადად დასიზმრებული ცხოვრებაა.  


Friday, December 19, 2014

კითხვარი

პროექტის განხორციელება

პროექტის დასაწყისი

სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებამდე მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარები, თუ რა იციან ქართული თეატრის ისტორიისა და კერძოდ, გიორგი ერისთავის კომედია ,,გაყრის" შესახებ
ჯგუფებად განაწილდებიან სურვილისა და ინტერესების მიხედვით. ვთხოვ შეავსონ სქემა  ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლი

დაკომპლექტდებ სამუშაო ჯგუფები, განაწილდება კონკრეტული დავალებები

I ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,ქართული თეატრის ისტორიიდან"
II ჯგუფი მუშაობს გიორგი ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებზე
III ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,ქართული პროფესიული თეატრის დაარსება და კომედია ,,გაყრა"
IV ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,საქართველოს სოციალური  და ისტორიული ეპოქა კომედიაში ,,გაყრა"
V ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,,გიორგი ერისთავის გაყრაში წამოჭრილი პრობლემების აქტუალობა და პერსონაჟის ხასიათები"
VI ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,გიორგი ერისთავის კომედიის ენობრივი თავისებურებები და გალექსილი სტროფების ფუნქცია"
VII მუშაობს თემაზე ,,ჟან-ბატისტ მოლიერი და ერისთავი ქართველი მოლიერი"
VIII ჯგუფი მუშაობს თემაზე გიორგი ერისთავის კომედიის თანამედროვე ვერსიის შექმნა
IX ჯგუფი მუშაობს თემაზე ,,გორის თეატრის წარსული და აწმყო და კომედია ,,გაყრა"
ჯგუფი მუშაობს თემაზე ელექტრონული ჟურნალის შექმნა, რომლის პრეზენტაციით დასრულდება პროექტი 

Tuesday, December 16, 2014

Saturday, December 13, 2014

პროექტი გრძელდება

მზადდება  "გაყრის " თანამედროვე  სასცენო ვერსია,
იგეგმება ექსკურსია გიორგი ერისთავის "გაყრის"  კვალდაკვალ,
გამოკითხვის შედეგების ანალიზი,
დიაგრამის შედგენა,
დისკუსია.