ნატო ლაღიძე და მარი გოგიჩაშვილი

ქართული თეატრის ისტორიიდან


ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია - ნიღბოსანთა ფერხული;   თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე) სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან ("ამირანი", "აბესალომ და ეთერი", "ავთანდილი" და "თავფარავნელი ჭაბუკი"). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები.
  
ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოფი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი, ხოლო კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.წ. III-II სს.) დაარსდა პირველი ქართული თეატრი ჩვენს წელთაღრიცვამდე II საუკუნის ბოლოს. უფლისციხე იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე. დღესაც  შემორჩენილია სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათი და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით, რაც ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას. შუა საუკუნეების ქართული ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის ძეგლებში აღმოჩენილია ძველი ქართული დრამატული პოეზიის ფრაგმენტები და ელინისტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა ვრცელი აღწერა, ასევე მრავალი ქართული ძირეული თეატრალური ტერმინი.
  საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა - "ბერიკაობა", მოგვიანებით - "ყეენობა".
შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი - სახიობა - ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით. თეიმურაზ I-მა და არჩილ II-მ სახიობისთვის შექმნეს დიალოგები და პოლემიკური დრამატურგიის ნიმუშები, ე.წ. "გაბაასებანი".

 XVIII საუკუნის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან,მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის  გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საერო თეატრი, სადაც ორიგინალურთან ერთად რუსულიდან ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესებიც იდგმებოდა. ასევე იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები. ამავე პერიოდში მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი - სახიობა, რომელსაც სათავეში დავით მაჩაბელი ედგა. მაჩაბლის დასის მრავალი მსახიობი გმირულად დაეცა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ კრწანისის ბრძოლაში. სწორედ მე-18 საუკუნის მიწურულს,ევროპული თეატრის აყვავების ეპოქაში, როცა ევროპელ მაყურებელს საშუალება ჰქონდა სცენაზე ეხილა შექსპირის, ლოპე დე ვეგას, კორნელის, რასინის, მოლიერის პიესები, ქართული თეატრის დასი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა.

XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ქართული თეატრის აღდგენა, მანამდე კი თეატრალური წარმოდგენები არისტოკრატთა ოჯახებში იმართებოდა. ალ. ჭავჭავაძე თარგმნიდა ევროპულ პიესებს,შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრეები. 1845 წელს, თბილისში დაარსდა რუსული დრამატული თეატრი, ხოლო 1850 წელს, მოწინავე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით და გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით, აღორძინდა ქართული პროფესიული თეატრი (1850-1856).1850 წლის 2 იანვარს თბილისის გიმნაზიის შენობაში გაიმართა გიორგი ერისთავის კომედიის - „გაყრის“ წარმოდგენა. სპექტაკლში თბილისის არისტოკრატია მონაწილეობდა. თავად ავტორი სომეხი სოვდაგრის, მიკირტუმ გასპარიჩის როლს ასრულებდა. გიორგი ერისთავმა თეატრსა და დრამატურგიაში განავითარა რეალისტური მიმდინარეობა.



საგულისხმოა, რომ თეატრის აღდგენის სათავეებთან 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები იდგნენ(გ. ერისთავი, დ. ყიფიანი, პლატონ იოსელიანი...), პირველი პიესა კი, რომლითაც ახალი თეატრის ისტორია იწყება, კომედიური ჟანრისაა და ქართველი თავადაზნაურობის ფუქსავატობის მხილებას ეძღვნება. თეატრი მეფის რუსეთის მთავრობამ სულ მალე, 1856 წელს დახურა.
1880-86 წლებში გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზ.) აიგო სახაზინო თეატრი, რომელშიც 1896 წლიდან "თბილისის სახაზინო ოპერის თეატრი", დღეს კი ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ფუნქციონირებს.
თბილისში ქართული პროფესიული თეატრის საქმიანობა ი.ჭავჭავავაძისა და ა.წერეთლის თაოსნობით 1879 წელს განახლდა (ე.წ. მუდმივმოქმედი ქართული დასი). დასს ხელმძღვანელობდა გიორგი თუმანიშვილი. ამ პერიოდში ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში განვითარდა გმირულ-რომანტიკული და რეალისტურ-კომედიური მიმართულებები. პარალელურად ქართული თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხოური კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები. აქ 1882 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის ვაჟის, დავით ერისთავის პიესა „სამშობლო“, რომელმაც თეატრი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუკავშირა. არც ერთ პიესას არ შეუსრულებია ასეთი დიდი ეროვნული მისია მე-19 საუკუნის ქართულ თეატრში. ეს იყო ფრანგულიდან გადმოკეთებული პიესა, რომელშიც დავით ერისთავმა მთელი რიგი ადგილები შეცვალა და ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა. დაუმატა ლოცვის სცენა ილია ჭავჭავაძის „აჩრდილიდან“. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სპექტაკლის მიმდინარეობისას მაყურებელი ფეხზე დგებოდა ად ისე ისმენდა ამ ლოცვას. რასაკვირველია, რუსეთის მთავრობამ ეს სპექტაკლი აკრძალა და წლობით არ იდგმებოდა თეატრში.

XIX საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა რეალისტური სამსახიობო სკოლის წარმომადგენლები, XX სუკუნის დასაწყისში კი ასპარეზზე გამოვიდნენ პროფესიონალი რეჟისორები. 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი "ივერია" წერდა: "6 თებერვალს, დღის ორ საათზე, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების შენობა აკურთხეს გოლოვინის მოედანზე.

პირველ სართულზე იყო მაყურებელთა ჰოლი, ხოლო მეორე სართულზე იმართებოდა კონცერტები. რესტორანი "ანონა" იყო ნახევრად სარდაფში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა კაფე-რესტორნად "ქიმერიონად" და ეს იყო ცისფერყანწელების რესტორანი. (ქართველ პოეტთა კავშირი). ცისფერყანწელთა თხოვნით, სარდაფის კედლებს დეკორაციები გაუკეთა სერგეი სუდეიკინმა. მათთან ერთად მუშაობდა სახელგანთქმული მხატვარი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანიევიჩი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. მათ მოგვიანებით შეუერთდა ირაკლი კაკაბაძე, რომლის სახელი მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის.
1921 წლის 25 ნოემბერს თბილისის ქართულ თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

ქართული თეატრის აღმავლობა, ახალი სათეატრო ფორმებისა და პროფესიული რეჟისურის პრინციპების დამკვიდრება დაკავშირებულია ორი დიდი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებთან. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

რუსთაველის თეატრში რეფორმატორული ძიებების შემდეგ, კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ახალ თეატრს, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.  თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზე. წარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში.  

სანდრო ახმეტელის სცენური შედევრები კი მსოფლიო თეატრალური ელიტის ყურადღების ცენტრში მოექცა და ქართულ თეატრს პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თეატრალური რეფორმის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ქართული თეატრალური მხატვრობის განვითარებას (ი.გამრეკელი, პ.ოცხელი, ე.ახვლედიანი, ლ.გუდიაშვილი, დ.კაკაბაძე, ს.ვირსალაძე).

გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაარსდა პროფესიული თეატრები, რომლებიც დღესაც განაგრძობენ ფუნქციონირებას. XX საუკუნეში მსახიობთა სახელგანთქმულ თაობებთან ერთად ქართული თეატრის ისტორიას ქმნიდნენ რეჟისორები: დ.ალექსიძე,  ლ.იოსელიანი, შ.გაწერელია, რ.გაბრიაძე, მ.კუჭუხიძე, გ.ჟორდანია...
  
XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ნოვატორული ძიებებისა და სხვადასხვა თეატრალურ-ესთეტიკური მიმართულების დამკვიდრება თანამედროვეობის გამოჩენილ რეჟისორებს - მიხეილ თუმანიშვილს, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძეს უკავშირდება. რ.სტურუა და თ.ჩხეიძე დღესაც განაპირობებენ ქართული სასცენო ხელოვნების მაღალ შემოქმედებით ხარისხს და საერთაშორისო ავტორიტეტს. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა რ.სტურუას ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პირობებში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ტრიუმფალური საგასტროლო ტურნეები გამართა. XX საუკუნის მიწურულს, საქართველოში სახელმწიფო თეატრების გვერდით, გაჩნდა კერძო პროფესიული თეატრები, კამერული სცენები და ექსპერიმენტული სივრცეები, რომლებმაც ქართულ სათეატრო პროცესში ხანმოკლე პერიოდში დაიმკვიდრეს ადგილი.
  
დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღირებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა. ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი კოლექტივები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. სხვადასხვა თეატრალური კოლექტივი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში; საქართველოს პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები; ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან.








0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.