თამარ მოსიაშვილი, თამარ სადაღაშვილი ნატო ლაღიძე, ნინი მეზვრიშვილი, ნინო მაღალაშვილი და მარიამ წიკლაური

გიორგი ერისთავის  კომედიის ენობრივი თავისებურებები და გალექსილი სტროფების ენობრივი ფუნქცია

    პიესის ენისთვის ბარბარიზმების გარდა არა ერთ დამახასიათებელ თავისებურებას ვხვდებით. ნაწარმოებში ყველა გმირს საკუთარი მეტყველების მანერა აქვს. თუ ანდუყაფარის ქართული სხვა პერსონაჟებისასგან განსხვავებით შედარებით სუფთა და გამართულია, ივანე ენაში რუსულ და ფრანგულ ბარბარიზმებს იყენებს, ხოლო მიკირტუმ გასპარიჩი რუსულ ბარბარიზმებსაც კი ამახინჯებს. ენობრივი დეტალი პერსონაჟის პორტრეტის თუ ხასიათის შესაქმნელად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომაც აქცევენ მწერლები განსაკუთრებულ ყურადღებას ნაწარმოების გმირთა ენობრივი თავისებურებების წარმოჩენას. „გაყრის“ რამდენიმე პერსონაჟისთვის დამახასიათებელია ახირებული, აკვიატებული გამონათქვამები (ცალკეული სიტყვები თუ ფრაზები), რომელთაც ისინი სხვებთან დიალოგისას რაღაც მნიშვნელოვან როლს აკისრებენ. მაგალითად, მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვის ასეთი აკვიატებული გამონათქვამია „გიჟ ვრაცუა“ ანუ გიჟი, სულელი ქართველი. ამ სიტყვებს ის ძმებ დიდებულიძეების მისამართით იყენებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ფარულად, ზურგს უკან, რაც ხაზს უსვამს მის პირფერობას ძმებთან, რადგან ტექსტში კარგად ჩანს, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ძმებთან, თუმცა, რასაკვირველია, ეს მოჩვენებითია. ანდუყაფარის მოურავი, ბარამი ტექსტში რამდენჯერმე იყენებს სიტყვებს „შეი ჭიიმე“, რაც შეიძლება მის აკვიატებულ გამონათქვამად მივიჩნიოთ. ამ სიტყვების დღევანდელი ვარიანტია „შენი ჭირიმე“, ამიტომ შეიძლება ის არქაიზმად ჩავთვალოთ, თუმცა  შესაძლებელია უბრალოდ ბარამი ამახინჯებს ამ სიტყვებს და სულაც არ არის არქაიზმი. „გაყრაში“ ვხვდებით კიდევ ერთ აკვიატებულ ფრაზას პავლესთან: „ვაი არა აქვს შენს პავლესა ჰო!“ ამ სიტყვებს პავლე თითქმის ყველა წინადადების ბოლოს იმეორებს. ამით მას თითქოს უნდა თავისი სიმართლის და შესაძლებლობების დამტკიცება ყველასთვის, თუმცა ამის მაგივრად ეს სიტყვები მის მიამიტობაზე უფრო მეტყველებს. ასევე, პავლე რამდენჯერმე იმეორებს კითხვებს თავსა და ბოლოში ერთნაირი სიტყვებით  ვითომ და თუ - „ვითომ ანდუყაფარ სჯობს ადამსა თუ?“ „ვითომ ენაზედ ჭალი მოედება თუ?“ ამოჩემებული ფრაზები პიესაში სულ ეს არის თუმცა ვხვდებით რამდენიმე სხვა ენობრივ თავისებურებასაც. 

„გაყრაში“ მოქმედება XIX ს.-ის დასაწყისის საქართველოში ვითარდება. აქ ვხვდებით ევროპიდან ახლად დაბრუნებულ ქართველ თავადს, სომეხ ვაჭრებს და გასაკვირიც არ არის, რომ ტექსტში დამახინჯებული ფორმების კორიანტელია. განსაკუთრებით, სიტყვებს ამახინჯებს სომეხი ვაჭარი მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი. ის ქართველ თავადაზნაურებს დამახინჯებული ქართული ენით ელაპარაკება, სადაც სომხურ და ასევე, დამახინჯებულ რუსულ ენასაც ურთავს. ეს ფაქტი გასაკვირი არცაა, რადგან მიკირტუმი ერთი გაუნათლებელი მევახშეა, რომელსაც ეს ენები ხალხთან ურთიერთობისთვის სჭირდება. მაგ.: „ვა, სად აყრილან, ბევრი დაიმალოთ, მაინც, ემე, უნდა პერემენაით ქნათ ვექსილმა“ - წინადადება, როგორც ხედავთ გაუმართავია. „ამათ გაყრას შვრებიან. ეგება ეს ფრანტს ჩემი შუშანი მივცე“ - გრამატიკულად ეს წინადადებაც არასწორია. ასევე - „მაგრამ ჩემი შუშანი კნეინა დაუძახონ“; „ცოტა ვექსილი პერემენაით უნდა ჰქნან შენი ძმები“; „ისე ვენდე შენი ძმა, არც აბესპეჩითი რამე მაქვს“; „ შენ ჭკვიანე,... ანდუყაფარ ყალბე, გებნები ჰა“; არა მხოლოდ ქართულს, მიკირტუმი რუსულსაც ამახინჯებს: „ზასედატელ გრდნიჩ“’ „პუტრუ ჩემთან წამობრძანდი“; ქართული დამახინჯებული ფორმები პიესაში კიდევ გვხდვება: „აკი გითხრამდი“, „ჯიბითგან ფულები გავა“ „კურტყელს იჭერს“...

დამახინჯებულ ფორმებს სხვა პერსონჟებიც ხმარობენ. ანუდყაფარმა ივანეს ეკონომიის ნაცვლად „იკომონიის“ სწავება სთხოვა, ბარამი იყენებს სიტყვებს „შეი ჭიიმე“. ივანეც არა ერთ სიტყვას ამახინჯებს: „დასალევათაც არ გეყობათ“, „უნდა ეხვეწნეთ... გასპარიჩს“, „თითქო იყვნენ ანგლიჩნები, გამხდრები ძალათ ყვითლები“, „უდროოთ სნეულდებიან“, „ღმერთი არა გწამსთ?“ „მე წავალ ღუბერნატორთან“. 
 
„გაყრის“ ტექსტში გვხვდება არქაიზმებიც, ანუ ის სიტყვები ან, ამ შემთხვევაში, სიტყვის ფორმები, რომლებიც ადრე აქტიურად გამოიყენებოდა, დღეს კი აღარ ვხმარობთ. არქაიზმები არა მხოლოდ პერსონაჟების საუბარში, არამედ ავტორის რემარკებშიც კი გვხვდება. მაგალითად: „მუთაქა უძევს კალთაში, ორის ხელით არის დაბჯენილი მუთაქაზედ“, „დადგება და ხანჯალზედ დაიწყობს ორსაც ხელებსა“. ასევე, ავტორის რემარკებში ვხვდებით ისეთ ფორმებსაც, რომლებიც დღეს აღარ გვხვდება. მაგალითად: „ანდუყაფარ ზის ტახტზე“, დღეს კი ვიტყვით „ანდუყაფარი ზის ტახტზე“. არქაიზმები გვხვდება ანდუყაფარის მონოლოგებსა თუ დიალოგებშიც: „კარგს რასმე ჰსწავლობენ“, „ილაჯს მიწყვეტამს“, „გაყრას მიპირობს“, „აი ეხლა გაიყავ. ეს ოხერი ახალციხეს ვიშოვნე“, „დავჩეხამ მაგ სულელსა“, „როგორც ჩვენს სახლს ეკადრება, ისე შევინახამთ თქვენს ქალსა“. მიკირტუმი რამდენჯერმე იმეორებს „გაყრას შვრებიან“, რაც შეიძლება არქაიზმად ჩაითვალოს, რადგან დღეს უბრალოდ ვიტყვით - „იყრებიან“. სასამართლოზე რამაზი ამბობს: „განვჩხრიკეთ ყოვლნი მათნი დავანი გარეშენი“. სიტყვა „გაჩხრეკვა“ აქ განხილვას ნიშნავს, დღეს კი სულ სხვა მნიშვნელობით ვხმარობთ. ასევე, არქაიზმია „ვალნი დაშთნენ თავადს ივანე დიდებულიძეს“, „დუელნი აღკრძალულ არიან“...  „ეს ლაბირინტათ უცხოა“ - ამბობს ივანე. უცხო აქ საუცხოოს ნიშნავს, დღეს კი სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას.
 
აღსანიშნავია, რომ გიორგი ერისთავმა აქ პირველად გამოიყენა სიტყვა „თერგდალეული“  გიჟის მნიშვნელობით. ვარშავიდან დაბრუნებულ ივანეს ანდუყაფარი გაგიჟებულს უწოდებს: „თერგდალეული ჩემი ძამია ილაჯს მიწყვეტამს, შემომდგომია“.
 
ტექსტში არის ე.წ. პოეზიის ნიმუშებიც: აქა-იქ ჩართულია გალექსილი სტრიქონები, რომლებიც სულაც არაა ლექსები. ეს სიმღერებია, რომლებიც „გაყრაში“ იუმორისტული ფუნქციითაა ჩართული.  პიესა ხომ კომედიაა, ამიტომ ასეთი ეპიზოდები საჭიროცაა. ასეთ სიმღერებს მიკირტუმთან რამდენჯერმე ვხვდებით, რომლებსაც ის „ლათაიას“ უწოდებს:
„ ლუბით ნადა კრასავიცა,
ფული მოგცეს მეტი ვინცა;
თუ არა აქვს ფული ცოლი,
უნდა ჭამოს ხომ კონჩოლი!“

ეს ის ეპიზოდია, როდესაც ცდილობს ივანეს უთხრას, რომ ფულიანი ცოლი საჭიროა. შემდეგ კი, როცა გაამხელს, რომ მის ქალიშვილზე იყო ლაპარაკი, მის სილამაზეზე ამბობს „ლათაიას“, რა თქმა უნდა, თავისებური, ვაჭრული ენით: 
„თვალები აქვს იშტრახანის ხიზილალა,
ტუჩი კბილი, როგორც რომ ყანდის ჩალა,
ტანი წვრილი, იშპაანის ყალამი,
ვინცა ნახამს, ყველა უთხრამს სალამი.
ყელი ლილი, რუსეთული შუშანი...
უნდა ნახო, კნიაზ, ჩემი შუშანი!“
ასევე:  
          „ლამაზია გითხრამ განა,
            არვინ არის იმისთანა;
            ტანცი იცის ვალციანი,
            ბუდით ლიუბით მოი შუშანი!“

„შენ ვარდი ხარ, შუშან - ია,
ლამაზია, ფულიანი...
ბუდიშ ლიუბით მოი შუშანი!
მოდი კნიაზ, ხელი დაჰკარ,
ანდუყაფარს თავში ჩაჰკარ,
გახდება ეკიპაჟანი,
ბუდიშ ლიუბით მოი შუშანი!“ 

გალექსილ სტრიქონებს  ვხვდებით ანდუყაფათან და მის მოურავ ბარამთანაც:
„შემდგომ გაყრისა ვის დავენახო!
აჰ, ვეღარ დავცემ კარავსა მკაში,
უნდა ვიმალო მე მამითადში!
სად ვნახავ სამასს ნამგლის ტრიალსა,
ჰოპმის გუგუნსა, ყანის შრიალსა!
ეს ჩემი ზვარიც უნდა გამიყონ?
მაშ სასაფლაოს ეხლავ წამიღონ.
თერგდალეული ჩემი ძამია
ილაჯს მიწყვეტამს, შემომდგომია,
აღარ ისვენებს, არ იშლის გაყრას,
სახლს ის წაიღებს, მიპირებს აყრას.
ზვარში აპირებს ვაზების დაჭრას,
ვაზების წილად თუთების ჩაყრას!“
  ეს მისი მონოლოგია შესავლიდან. მისი მოურავი, ბარამი კი სიმღერით გვიყვება თუ როგორი მარტივია სასამართლოს მოხელეების ფულით მოსყიდვა:
„ასის თუმნითა, აბა რას ბრძანებ,
სუდსა, პალატას ხელით ვაქანებ.
ჩვენ სუდიასა - აიმ კუკნასა,
სულ ვათამაშებ ლეკურ-ბუქანსა,
და სეკრეტარსა მე ოც თუმნადა
გნებავთ გაგიხდით მაიმუნათა“.
  ასეთ სიმღერებს ვხვდებით ივანესთანაც: 
„როგორ გასწავლო ირრიგაცია,
ვით გავაკეთო კარგი გუანო
ჯერ გამეყარე ადამიანო,
მაშინ გიჩვენო და დაგასწავლო
ეს დიდი ზვარი როგორ დაჰკვალო!“
შემდეგ კი ივანე ქართულ სიყვარულზე მღერის, რასაც ის და მისი მსახური გინებას უწოდებენ:
 „ჩვენთა ქალთა უგრძნობართა,
სიყვარულის უმეცართა,
ტრფობისათვის არ აქვსთ სული,
სხვა რისთვისმე უცემთ გული!
ჩვენნი ყმანიც გულგრილები,
გამხდრები, ძალათ ყვითლები,
პირ-ბრინჯ-ფქვილ შეგლესილები.
ცოლს არ ირთვენ, ჭლექდებიან,
უდროოთ სნეულდებიან, 
ლანცკეტის თამაშობითა
ვგონებ სულ გაკოტრდებიან!
ჩვენი ვაჭრების შვილები
შეიქნენ ჩინოვნიკები,
მამის მოგებულ ფულებსა
ჰფანტავენ ვით ჩალა- ბზესა,
ვაწრობას არ კადრულობენ
ბლოტის ფერჩატკით ფრანტობენ
თავის ოჯახს კი ამხობენ.“

   მიკირტუმ გასპარიჩი თავდაპირველად სწორედ სიმღერით წარმოგვიდგება, სადაც გვაცნობს დიდებულიძეებს თავისი წარმოდგენით:
„ამ დიდ ბატონს მართებს ფული,
მე ხელში მყავს მისი სული,
ორი წელი მომატყუა,
რა კაცია გიჟ ვრაცუა!
მეორე ძმა ჰყავს ტუტუცი,
ასი იმანაც მივეცი!..
კურტყელს იჭერს, ყვირის: უა, უა!
აი კიდევ გიჟ ვრაცუა.
ერთი ძმაც ყამს რუსეთუმე
ტანცი-მანცი ლავ ხაღუმე,
ამე თავში არ აქვს ჭკუა,
ისიც ისევ გიჟ ვრაცუა!“ 

ტექსტში გალექსილი სიმღერების გარდა, გვხვდება დიალოგებიც გალექსილი სტრიქონებით, რომლებიც არ არის ლექსის სახით დაწერილი. მაგალითად ივანესა და მიკირტუმის დიალოგი:
- ია რაზდელიუ პოლე და სემ.
- მაგითი ფული ვერ გასცემ.
- აქ მომივა მე კაპუსტა.
- ა ვ კარმანე ბუდიტ პუსტა.
- ტუტ მალაია სადი წავა.
- ჯიბითგან ფულები გავა.
- აქ ბესეტკა გაკეთდება.
- უფულოთ კი არ ქინება.
- ეს ლაბირინტათ უცხოა.
- კიდევ გითხრამ გიჟ ვრაცუა.

 ასევე დიალოგი ანდუყაფარსა და ბარამს შორის:

- ყმა მივაბაროთ; ჩვენ ვხნათ და ვთესოთ, ვენახი ვბაროთ.
- რა სულელი ხარ... ხალხს გადამირევს, ზვარს დამიკაფავს, სახლსაც დამინგრევს!
- მაშინ უშოვნოთ ზასეტადლობა!
- როდი კადრულობს, უნდა მარშლობა!
  და ა.შ.

პიესა გალექსილი სტრიქონებით მთავრდება, თუმცა ეს არ არის სიმღერა. ეს არის ნაწარმოების ერთგვარი შეჯამება, რომელსაც მიკირტუმ გასპარიჩი ავტორის ნაცვლად გადმოგვცემს:
„ბატონებო, შემინდვეთ, თუ ჰპოვეთ რამ ნაკლულება,
ამად ვმხნეობ, აქ ბრძანებულთ ყველასა გაქვსთ განათლება,
და ამისთვის მაპატივებთ სუსტსა ამას პირველ შრომას,
არ შეისმენთ რომელსამე უსწავლელთა წყენა, წყრომას,
მე დავწერე იმაზედა, ვინც ზნეობით არის მრუდი...
ჩვენც ვეცადნეთ და გავნდევნოთ, რაცა არის ჩვენში ცუდი.“


გიორგი ერისთავის ,,გაყრაში" წამოჭრილი პრობლემების აქტუალობა და პერსონაჟთა ხასიათები


     გიორგი ერისთავი მეტად მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწე იყო. მისი შემოქმედებითი ნიჭი სწვდებოდა ჩვენი კულტურის სხვადასხვა სფეროს. იგი იყო პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, ქართული პროფესიული თეატრის აღმდგენელი და დირექტორი, რეჟისორი, მსახიობი, პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალის დამაარსებელი და რედაქტორი. გიორგი ერისთავი არის ახალი ქართული დრამატურგიის ჭეშმარიტი და პირველი კომედიოგრაფი. უზარმაზარია გიორგი ერისთავის დამსახსურება მშობლიური ლიტერატურისა და კულტურის წინაშე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ერისთავი მიჩნეულია ქართული თეატრისა და ლიტერატურის ჟურნალის მესაძირკვლედ. მისი კომედია გაყრა დაიდგა 1948 წელს და შემდეგ აღდგა 1950 წლის 2 იანვარს. კომედია „გაყრა“ იმთავითვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა ხელნაწერის სახით. 1950 წელს „გაყრა“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა ქართულ და რუსულ ენებზე. აქ აღებულია ერთი კონკრეტული დიდებულიძეების ოჯახი, თუმცა ანალოგიური სიტუაცია იყო საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. ბატონყმობა გაუქმდა, თავადებს კი არაფერი აინტერესებთ სიმდიდრისა და განცხრომაში ცხოვრების გარდა. ისინი თავიანთ ქონებას ფლანგავდნენ, სომეხი ვაჭრებისგან ყიდულობდნენ ფუფუნების საგნებს, რის ხარჯზეც ვაჭრები მდიდრდებოდნენ. დიდებულიძეების ოჯახში სწორედ ეს პრობლემაა გადასაწყვეტი. კომედიის მთავარი პერსონაჟები არიან სამი ძმა: ანდუყაფარი, ივანე და პავლე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხასიათით, ბუნებით, მოქმედებით, სხოვრების წესით. მათ გაყრა უნდათ რადგან ფიქრობენ, რომ გაყრის შემდეგ უკეთესად იცხოვრებენ. თუმცა ანდუყაფარს უფროს ძმას სულაც არ უნდა გაყრა და იგი ამაში თავის ძმას, ივანეს ადანაშაულებს, რომელსიც ახალი ჩამოსულიარუსეთიდან და ის მას „თერგდალეულს“, ანუ გიჟს, უწოდებს. ანდუყაფარი არის ძველი ყაიდის კაცი და ტრადიციების მოყვარული და იგი წუხს, რომ ძალა არ შესწევს, ხელი ააღებინოს ივანეს გაყრაზე, მამაპაპისეული ოჟახის გაყოფა-განაწილება ანდუყაფარს სამარცხვინოდ ეჩვენება. მისი ძმა ივანე რუსეთში იყო სასწავლებლად  და ის უფრო განათლებულია, ვიდრე თავისი ძმები და იგი სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას. თუმცა ივანე ცხოვრებაში გამოუცდელია, არაპრაქტიკულია. იგი უარყოფს წარსულს, აწყმოს და მხოლოდ მომავალზე ფიქრობს, მაგრამ ყველა მისი ოცნება და სამომავლო გეგმა ფუჭია და უნიადაგო, რადგან არ შესწევს უნარი, არ გააჩნია პრაქტიკული ცხოვრებისეული გამოცდილება-თავისი ოცნებები და გეგმები რეალობად აქციოს. ის მეცნიერული ცოდნა, რაც მას რუსეთსში მიუღია, ქვიშაზეა ნაგები, ვინაიდან, როცა საქმე საქმეზე მიდგება, არ შეუძლია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენოს. პავლე ფუქსავატია და ქარაფშუტა, იგი ოჯახზე არ ფიქრობს და არც იცის მისი მოვლა. მისი სულიერი ინტერესების სფერო ნადირობითა და სანადირო ძაღლებზე ზრუნვით შემოიფარგლება. მას არა აქვს მტკიცე, გარკვეული პოზიცია ამა თუ იმ ცხოვრებისეულ პრობლემის მიმართ-თვით მას ოჯახის გაყრა არც ახარებს და არც აწუხებს. ის სულაც არ მიიღებდა გაყრაში მონაწილეობას, რომ არა მისი ცოლის-მაკრინეს დაჟინებული მოთხოვნა იმაზე, რომ, რაც შეიძლება, მეტი ქონება დარჩეთ და ძმებს არაფერი გაუნაწილოს პავლემ. იგი ამაყობს ცოლის მოხერხებულობით და ამბობს, რომ მის ცოლოს რომ თამ,არ მეფის დროს ეცხოვრა, ვეზირად დანიშნავდნენო. მაკრინე ძალიან ცბიერი და მოხერხებული ქალია, ის წინასწარ იჭერს თადარიგს და ცდილობს, თავისი ქალიშვილი სასამართლოს „სეკრეტარს“ რამაზს მიათხოვოს. რამაზი არის სასამართლოს „სეკრეტარი“, კანონების მცოდნე და დამცველი.მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი სომეხი ვაჭარი და მათი ოჯახის მეგობარი. მიკირტული არის ძალიან ცბიერი და მოხერხებული კაცი. იგი შემძვრალა დიდებულიძეების ოჯახში და არამარტო ხრავს მათ ქონებას არამედ იმასაც ახერხებს, რომ თავისი მიზნების სასარგებლოდ წარმართოს ამ ოჯახის მესვეურთა მომავალი ცხოვრებაც. მან მოახერხა, დიდებულიძეთა ოჯახის ვალი ივანეს რგებოდა, რითაც აიძულა იგი, რომ შეერთო მისი ქალიშვილი შუშანა. მართალია, მას ფული არ აკლია და არც მოსწონს „ჯიბეცარიელი“ ივანე, მაგრამ მას სურს, რომ თავისი ქალი კნეინა გახადოს. მიკირტუმს თვითონაც შეუტანია კომისარიატში ოქმი, რათა კნიაზი გახდეს, დიდებულიძეებთან დამოყვრებაცამიტომ ესაჭიროება. თათელა, მიკირტულის ცოლი, ისიც თავისი ქმრის მსგავსად სულ ფულზე ფიქრობს. მასაც უნდა, რომ თავისი შვილი მიათხოვოს თავადიშვილ ივანეს. შუშანა არის მათი შვილი, რომელსაც ისე ათხოვებენ, რომ აზრს არც ეკითხებიან. კომედიაში ერისტვმა წარმოადგინა მსახურთა ტიპები მოურავების, მოახლე ქალებს და მოსამსახურე ბიჭებს შორის დიდი მსგავსებაა, მაგრამ გარკვეული განსხვავებაც შეინიშნება, ისინი მეტწილად თავიანთ ბატონების გულშემატკივარნი არიან და ცდილობენ, შეუმსუბუქონ მათ ცხოვრების ტვირთი. მაგალათად, ანდუყაფარის მოსამსახურე ბარამი მასზე ზრუნავს. ბარამი ცოდნას მეტად აჩენს, ვიდრე მისი ბატონი. ძმებთან გაყრის მოლოდინით შეწუხებული ბარამი ანდუყაფარს ურჩევს, რომ გლეხებს შეაწეროს ოთხასიოდე თუმანი და ქრთამის საშუალებით აიცილოს გაყრა თავიდან. გაბრიელი არის ივანეს მსახური, იგი თავისი ბატონის ერთგულია. იგი ივანესთან ერთად იყო რუსეთსჰი და სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას. მას უყვარს ნინოს მსახური ყარდაშვერდი, რომელიცძველი შეხედულებების მქონე მებატონესთან არის აღზრდილი. როდესაც გაბრიელი მას სიყვარულში გამოუტყდება ყარდაშვერდი ბაბრიელს ურჩევს , მოურავობა სთხოვოს ბატონს, ვინაიდან ის შემოსავლიანი საქმეა. თუმცა გაბრიაელი ააგელვა ყარდაშვერდის ასეთმა რჩევამ, მაგრამ ის სიყვარულს უფრო ადვილად თმობს, ვიდრე ერთგულებას თავისი ბატონისადმი. კამისიონერი არის თათელას ძმა, მას სურს, რომ ქონება ივანეს დარჩეს რადგან მის დისშვილ შუშანას ივანეზე ათხოვებენ. გაყრის დროს სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც იყოფენ მინებს, ანდუყაფარი თავის ნაყიდ მინებს ლეწავს, მუთაქა კი, რომელიც პირველ მოქმედებაშივე გვხვდება, კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას მრტიც, ძმები ხელჩართულ ბრძოლას იწყებენ, ეს მოქმედება კი იმით მთავრდება, რომ ივანე, რომელიც ამ ყველაფერს სიმდაბლეს უწოდებს, მუთაქას შუაზე გაჭრის და ერთ ნახევარს ანდუყაფარს მეორე ნახევარს კი პავლეს მისცემს. ერისთავმა ამ სპექტაკლში წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა. ერისთავის პიესების ცხოივრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტიურობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში.

საქართველოს სოციალური და პოლიტიკური ყოფა კომედიაში ,,გაყრა"


მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით რუსეთმა გააუქმა ჯერ ქარლთ-კახეთის სამეფო, შემდეგ კი 1810 წელს იმერეთის სამეფოც და შედეგად მთელი საქართველო რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად იქცა. დაინგრა ძველი, ტრადიციული ადმინისტრაციული მოწყობა და ჩამოყალიბდა სრულიად ახალი, მიუღებელი ცვლილებები შეეხო არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ სოციალურ ურთიერთობებსაც.
რუსეთის ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო ვერ შეურიგდა საქართველოში ნახევრად პოლიტიკურ და იმუნიტეტის მქონე ერთეულების- სათავადოების არსებობას. შეერთებისთანავე თავადებმა დაკარგეს მემკვიდრეობითი პოლიტიკური, სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება თავიანთ სათავადოებში, სამეფო სამფლობელოებსა და სამეფო კარზე. სათავადო, როგორც ნახევრად პოლიტიკური და სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, მოიშალა, მაგრამ სათავადოს შიგნით სამამულო ურთიერთობაში ცვლილებები დიდხანს გაგრძელდა მე-19 საუკუნის ტელ ბატონყმურ ხანაში. ეს ცვლილებები ხდებოდა როგორც ცარიზმის ღონისძიებების, ისე ბუნებრივ-ისტორიული პროცესების შედეგად.
გაბატონებული კლასის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო და მრავალ რიცხოვან სათავადო აზნაურთა განთავისუფლებას, მათ მიერ წოდებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას. სათავადო აზნაურები განაგრძობდნენ ბრძოლას თავადთა დამოკიდებულებისაგან თავდასაღწევად და სახემწიფო აზნაურებად გახდომისათვის. აზნაურების ბრძოლას თავადთა ყმობისაგან თავდასაღწევად ხელს უწყობდა თვით ცარიზმი, რომელიც მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობისა და ფეოდალთა ვასალურ-სენიორალური დამოკიდებულების მოსპობის პოლიტიკას ადგა საქართველოში.
1833 წლის 11 ივლისის კანონით აღმოსავლეთ საქართველოში სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადების დამოკიდებულებისაგან. ეს აზნაურები უნდა ჩაეთვალად სამეფო აზნაურთა ტოლფასოვან, დამოუკიდებელ აზნაურებად, ოღონდ მათ სათანადო საბუთებით უნდა დაემტკიცებინათ თავისი აზნაუობა. საამისო საბუთები მათ უნდა შეეტანათ სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში.
ამ კანონის საფუძველზე დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოში სათავადო აზნაურების საადგილმამულო გამოყოფა. ეს საქმე წლობით გაგრძელდა, რადგან სადავო მამულები თავადებსა და აზნაურებს შორის ძალიან ბევრი იყო. ამას კიდევ ართულებდა მამულების საერთო გაუმიჯნაობა საქართველოში. აზნაურებს, ბუნებრივია, არ სურდათ ათეული წლების მანძილზე გაშენებული სამკვიდრო თუ სხვა სახის ყმა-მამულის, თუნდაც მისი ნაწილის დათმობა. მიუხედავად ამისა, ქონებრივი გამიჯვნა მაინც მიმდინარეობდა. 1846 წლისათვის ქონებრივად გამიჯნური იყო 275 ოჯახი.
სათავადო აზნაურთა ქონებრივ-სამამულო გამოყოფას დიდი მნიშვნელობა ქონდა თავადური მიწათმფლობელობის რღვევისა და შედრებით პროგრესული, კერძო საბატონო მეურნეობის განვითარებისათვის. რუსეთთან შეერთების შემდეგ, ძველი ძლიერების დაკარგვის შიშით, ზოგიერთი 
სათავადო სახლი მაინც ცდილობდა ვრცელი ადგილ-მამულის ბატონპატრონობა შეენარჩუნებინა, სათავადო ტერიტორია დაეცვა. მაგრამ ასეთ ცდებს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია  და საერთო-საგვარეულო მფლობელობა განუხრელად ირღვეოდა. ამას მოწმობს აურაცხელი განჩინება თავადთა გაყრისა და მათი ყმა-მამულის გაყოფაზე.
მე-19 საუკუნის პირველ მესამედში იყრებიან და იყოფენ საერთო ყმა-მამულს მთელი რიგი სათავადო სახლები: ამილახვრები, მუხრანბატონები, გედევანიშვილები, დავითაშვილები, თუმანიშვილები, აბაშიძეები, ყორღანაშვილები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები, ფავლენიშვილები, სოლოღაშვილები, წერეთლები, მაყაშვილები, ჩერქეზიშვილები და სხვა. 

სათავადო აზნაურების განთავისუფლება თავადების დამოკიდებულებისაგან, სათავადოების სისტემის მოშლა და ჩამორჩენილი საერთო-საგვარეულო მიწათმფლობელობის მაგივრად შედარებით პროგრესული, კერძო საბატონი მფლობელობის განვითარება, მემკვიდრეობითი თანამდებობებისა და ფეოდალური იმუნიტეტის მოსპობა და სხვა - უეჭველად პროგრესული მოვლენა იყო ბატონყმური წყობილების რღვევისა და ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობის ჩასახვა-განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ მძიმე და უარყოფითი ის იყო, რომ ცარიზმი ამ შედარებით პროგრესულ სოციალურ ღონისძიებებს თავისი მიზნებისათვის ახორციელებდა - საქართველოს რუსეთთან შერწყმისა და გარუსებისათვის. 
საქართველოს რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, მე-19 საუკუნის პირველ ათეულ წლებში, როგორც ვიცით, რუსეთს ირან-ოსმალეთთან ომები ჰქონდა. ეს გარემოება დიდ ზიანს აყენებდა ვაჭრობის ნორმალურ განვითარებას ჩვენში.
ვაჭრობა ორანთან და თურქეთთან ჯერ კიდევ ძველი, ტრადიციული წესებით გრძელდებოდა. შორეულ გზებზე მიმავალ ქარავნებს მიაცილებდნენ შეიარაღებული ქართული რაზმები ე. წ. ქარავანბაშების მეთაურობით, რომლებიც გასამრჯელოს საქონლით დატვირთული ურმების რაოდენობის მიხედვით ღებულობდნენ - თითო მანეთს ყოველ ურემზე. ქარავანბაშთა რაზმები 1817 წლამდე არსებობდნენ, შემდეგში კი ისინი რუსთა ჯარებმა შეცვალეს.
1804 – 1813 წლებში, ირან-ოსმალეთთან ომების დროს, რუსეთის მთავრობამ აკრძალა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ოსმალეთთან, რაც ახალციხის საფაშოს მეშვეობით ხორციელდებოდა. ამასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობა შექმნილა, რომ მთავარსარდალი გენ. ტორმასოვი რუსეთის იმპერატორს აღნიშნული აკრძალვის გაუქმებას სთხოვდა.
1813 წ. გულისტანის ზავის შედეგად ირანთან რუსეთის ვაჭრობა გაუმჯობესდა. ამან დიდი გავლენა იქონია საქართველოს ბაზარზეც. ვაჭრობაზე კეთილისყოფელი გავლენა უნდა ჰქონოდა აგრეთვე ფეოდალური საბაჟოების რამდენადმე შეზღვუდვას რუსეთის მთავრობის მიერ. ფეოდალურ-პოლიტიკური ერთეულების რაოდენობა კი საქართველოსა და ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ ბლომად იყო.
ქართველმა ხალხმა მალე იგემა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის სუსხი. საბატონყმო გადასახადებით ისედაც შვიწროებული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ცარიზმის საოკუპაციო ჯარების შენახვა და მათი სამსახური სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. რუსული მმართველობის დიდ თუ პატარა მოხელეთა და მოსამართლეთა თვითნებობამ, მექრთამეობამ, უსამართლობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რუსული მმართველობა მძიმე ტვირთად დააწვა ხალხს, რასაც თვით ცარიზმის მოხელეებიც არ მალავდნენ. ცარიზმის დამხობის მიზნით ჩვენში რამდენიმე აჯანყება მოეწყო, 1804 წლის მთიულეთის, 1812 წლის კახეთის, რომელსაც ალექსანდრე ბატონიშვილი მეთაურობდა, 1819-20 წლის იმერეთ-გურიის აჯანყება, თუმცა ყველა ეს აჯანყება სისხლით ჩაეხშო, ამის შემდეგ დაიწყო საიდუმლო წრეების ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც იყვნენ თავად-აზნაურთა წრის წარმომადგენლები, ისინი ხშირად იკრიბებოდნენ პეტერბურგში. აქტიურობდნენ: დიმიტრი ბატონიშვილი, სოლომონ რაზმაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ელიზბარ ერისთავი, დავით ჯორჯაძე, დიმიტრი ერისთავი, ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, დიმიტრი ორბელიანი და სხვები. 
ალ. ერისთავი 1823 წელს ჩავიდა პეტერბურგშიც სამხედრო განათლების მისაღებად. სწავლობდა წარმატებით. ალ. ერისთავს პეტერბურგიდან გამომგზავრებისას დაევალა საქართველოში მოეძებნა თანამოაზრეები.
საინტერესოა აგრეთვე გიორგი რევაზის ძე ერისთავის გადმოცემაც: „ პეტერბურგში ურთიერთშორის ვკამათობდით ჩვენ, ე.ი დიმიტრი ბატონიშვილი, თავადები ელიზბარ და დიმიტრი ერისთავები, თავადი დიმიტრი ორბელიანი და თავადი ჯორჯაძე საქართველოს შესახებ, რომ შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლობა, ასევე აგრეთვე მასში მცხოვრებ ხალხების ხასიათსა და უფლებაზე.. ვბაასობდით აგრეთვე ჩვენი მემამულეების მიმართ მთავრობისაგან მიყენებულ უსამართლობის გარშემო“.
შეკრებათა მიზანი იყო არა მარტო საზოგადოების წევრის იდეურ პოლიტიკური და კულტურული მომზადება, არამედ შეთქმულთა შეიარაღება ყოველივე იმით, რაც საჭირო იქნებოდა დასახული დიდი მიზნების გასაიდუმლოებისა და წრეობრივი მუშაობის გაფართოებისათვის. დ. ბატონიშვილი ალ. ერისთავს ავალებდა: „თქვენ, ვინც საქართველოში მიდიხართ, უნდა ეცადოთ შეადგინოთ საზოგადოება, მიიმხროთ ხალხი, რათა იმოქმედოთ და სამშობლო გაანთავისუფლოთ“.
შეთქმულება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ძალებს იკრებდა. ბევრი შეთქმული ფიქრობდა, რომ პოლონეთის აჯანყების მომენტში გამოსვლა მეტად ხელსაყრელი იქნებოდა.
1831 წელს შეთქმულთა ერთი ჯგუფი ფიქრობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ პირველი პოლონეთს თავისუფლებას უწყალობებდა, ასეთი რამ საქართველოსთვისაც გამორიცხული არ უნდა ყოფილიყო. ზოგი კიდევ ვარაუდობდა, რომ, თუ რუსეთი პოლონეთთან 1830-1831 წლების ომში დამარცხდებოდა, მაშინ ევროპის  დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლობლობის აღდგენაც მოხერხდებოდა. ამ შემთხვევისათვისაც ადგილობრივი ძალები მზად უნდა ყოფილიყვნენ.
შეთქმულთა ერთმა ჯგუფმა შეიმუშავა „პირველი ღამის განკარგულება“, რომელიც აჯანყების კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდა.
აჯანყების მოწყობის ვადა შეთქმულთ რამდენჯერმე ჩაეშალათ - 1831 წელს და 1832 წ. ზაფხულში. შემდეგ აჯანყება უნდა განხორციელებულიყო 1832 წ. მეორე ნახევარში - 20 ნოემბერს, როცა მთავარსარდალი როზენი რუსთა ჯარებით ჩრდილო კავკასიაში იყო, მაგრამ, როგორც ვიცით, ეს სიტუაციაც მალე შეიცვალა. საქმე გადაიდო უკვე 6 დეკემბრისთვის, მერე კი 20 დეკემბრისთვის. ამ თარიღებს უკავშირდებოდნენ ქართველ თავად-აზნაურთა ყრილობის მოწვევას, რომელიც ადგილობრივმა მთავრობამ გადასდო 6 დეკემბრის ნაცვლად 20 დეკემბრისათვის.
9 დეკემბერს თავადმა ი. ფალავანდიშვილმა შეთქმულება გასცა და შეთქმულები შეიპყრეს.
შეთქმულები კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.
შეთქმულთა მარცხის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მათ ვერ შეძლეს ფართო მასების დარაზმვა და სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში ჩადგომა. მაგრამ ისინი იბრძოდნენ ცარიზმის მიერ დამონებული საქართველოს პირობებში, იბრძოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ თავიანთი სამშობლო დამოუკიდებელი, თავისთავადი განვითარების გზაზე გამოეყვანათ.


0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.