თამარ დაჰკოშვილი, ირაკლი ზაუტაშვილი და დათა ბერუაშვილი

                                                               გიორგი ერისთავი


გამოჩენილ დრამატურგს გიორგი დავითის ძე ერისთავს  XIX საუკუნის 40 – 50 –იანი წლების ქართულ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
გ. ერისთავი იყო არა მხოლოდ პირველი ქართველი კომედიოგრაფი, რომელმაც თავისი დრამატურგიით სათავე დაუდო კრიტიკულ რეალიზმს ქართულ ლიტერატურაში, არამედ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეც.

გიორგი ერისთავი ქსნის ერისთავთა შთამომავლობას ეკუთვნოდა. მის წინაპრებს ჯერ ქსნის საერისთავო რეზიდენციაში – სოფელ ახალგორში უცხოვრიათ, შემდეგ კი სოფელ ოძისში გადასახლებულან. *# გიორგი ერისთავი დაიბადა სოფელ ოძისში 1813 წელს.
მომავალი მწერლის მამა, დავით როსტომის ძე, განთქმული იყო სტუმართმოყვარეობით. უკანასკნელად მას მრჩევლის თანამდებობა ეჭირა სახაზინო ექპედიციაში და საკმაოდ განათლებულ კაცად იცნობდნენ. დედა, მარიამ ივანეს ასული ქობულაშვილი, ქართულ მწიგნობრობაში გათვითცნობიერებული და მეტად სათნო ხასიათის ქალი იყო.
რვა წლამდე გიორგი სოფელში იზრდებოდა. დედამ ასწავლა მას ქართული წერა –კითხვა და მანვე ჩაუნერგა სიყვარული მწერლობისადმი. *# 1821 წელს მშობლებმა გიორგი მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ოთხი წელი სწავლობდა. შემდეგ კი დავითს თავისი შვილი ბიძიასათვის – მიტროპოლიტ ვარლამისათვის-გაუგზავნია მოსკოვში. ვარლამს გიორგი, და მასთან ერთად ჩასული თავისი ძმისშვილი ესტატე, ერთ–ერთ კერძო პანსიონში მიუბარებია. მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ესტატე ავად გამხდარა, მოსკოვის ჰავა ვერ აუტანია და ვარლამსაც ორივე ახალგაზრდა სამშობლოში დაუბრუნებია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გიორგის სწავლა აღარ გაუგრძელებია, მალე იგი საგანგებო დავალებათა მოხელედ ჩაერიცხა სამხედრო გუბერნატორთან.
  
სასწავლებლის გარეთ დარჩენილი გიორგი ბეჯითად დაეწაფა თვითგანვითარებას და დიმიტრი ყიფიანთან ერთად, ფრანგული ენის შესწავლასაც დაიწყო; როგორც ჩანს, ლექსების წერასაც განაგრძობდა, რაც მას ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში დაუწყია.
ახალგაზრდა გიორგი მალე სოლომონ დოდაშვილის ლიტერატურული წრის ერთ – ერთი აქტიური წევრი გამხდარა. ეს ის დროა, როცა, – როგორც იონა მეუნარგია შენიშნავს, – ”რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ ჩვენებური ახალგაზრდა ყმაწვილკაცნი, რომელთაც ჩამოიტანეს ქართული მწერლობის სიყვარული, ქართველი ბატონიშვილებისა და მათ გარეშე პირთაგან შეძენილი პეტერბურგსა და მოსკოვში. ამ ყმაწვილკაცთ ზედ დაერთო ის თაობაც, რომელმაც გამოზარდა კეთილშობილთა სკოლაში და ცოტ – ცოტათი ტფილისში დაარსდა ქართული მწერლობის მოყვარულთა წრე, სადაც დაიბადა შემდეგი ქართული ჟურნალის გამოცემის აზრი. ამათში გიორგი ერისთავს პირველი ადგილი ეჭირა”.

გიორგი ერისთავის პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და პოეტური ნიჭის მომწიფება ხდებოდა მაშინ, როცა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში წინააღმდეგობა და ერთგვარი დაბნეულობაც კი იგრძნობოდა. ესაა წლები, როცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მარცხით დამთავრებული აჯანყებების შემდეგ არისტოკრატიის წრიდან გამოსული ქართველი მოღვაწეები შეთქმულებას ამზადებდნენ საქართველოში რუსული მმართველობის მოსასპობად.

პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი გიორგი ერისთავი თავისი პოლიტიკური მრწამსით ახლოს იდგა მეფის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან. მათაც, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ეს გარემოება და გიორგი ერისთავი შეთქმულებაში ჩააბეს. მალე იგი ერთ –ერთი აქტიური შეთქმულთაგანი გახდა და ენერგიულად მოქმედებდა შეთქმულთა რიცხვის ზრდისა და ურთიერთდაახლოებისათვის. ამ მიზნით მან ფილადელფოს კიკნაძისაგან მიიღო და გაავრცელა საიდუმლო ანბანი და ”აკტი გონიური”.
ამ პერიოდში შეთქმულთა იდეებსა და მიზნებს ემსახურებოდა ახალგაზრდა პოეტის ჩანგიც. მართალია, მის იმდროინდელ ლექსებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მათი იდეური შინაარსის შესახებ შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ პოემა ”ოსური მოთხრობის” მიხედვით, რომელსაც ავტორი შეთქმულთა შეკრებებზე კითხულობდა და რომლის ერთი ნაწილის გამოქვეყნება სოლომონ დოდაშვილმა კიდევაც მოახერხა ჟურნალში.

”ოსურ მოთხრობაში” აშკარად ჩანს ანარეკლი იმ შეხედულებებისა და განწყობილებებისა, რომლებიც ”ფარული საზოგადოების” წევრებისათვის იყო დამახასიათებელი. პოემაში ავტორს მიზნად აქვს დასახული ისე გადმოსცეს ისტორიული ამბავი, რომ იგი უაღრესად თანადროული გახადოს. ამ მხრივ პოეტი წინამორბედია სახელოვანი სამოციანელების, რომლებიც არსებული სინამდვილის წინააღმდეგ ბრძოლის განწყობილებას, ხშირად, შესაფერი ისტორიული თემატიკის ოსტატური დამუშავებით ქმნიდნენ.

”ოსური მოთხრობა” ისტორიულ თემაზეა აგებული, თუმცა ისტორიულ ამბავს ხშირად ცვლის პოეტის ფანტაზიით შექმნილი სურათები. პოემის ძირითადი იდეა პატრიოტიზმია. ავტორის მიზანია მკითხველში გააძლიეროს მამულის სიყვარულის გრძნობა, შთააგონოს მას სამშობლოსათვის თავდადება.
”ოსურ მოთხრობაში”, მართალია, ხვდებით რომანტიკული პოეზიისათვის დამახასიათებელ იდეოლოგიას და პოეტურ საღებავებს, მაგრამ თავისი არსებითი ნიშნებით ის არის ქართული რეალისტური პოეტური ეპოსის ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუში.

”ოსური მოთხრობა” ყურადღებას იქცევს კომპოზიციური გამართულობითა და პოეტური ენის სისადავითაც. ავტორი აშკარად ამჟღავნებს მისწრაფებას დაუახლოოს სასაუბრო ენას ნაწარმოების არამარტო ლექსიკა, არამედ პოეტური სინტაქსი.
როგორც აღვნიშნეთ, გიორგი ერისთავმა თავის პოემაში 1832 წლის შეთქმულთა იდეები ჩააქსოვა. პოემის ცალკეული ადგილები უშუალოდ გამოხატავს შეთქმულთა განწყობას. 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება გაიცა, გაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი გიორგი ერისთავიც დააპატიმრეს. გამოძიებამ იგი მეოთხე თანრიგის დამნაშავედ ცნო, მაგრამ საგამომძიებლო დასკვნაში აღნიშნული იყო მისი მცირეწლოვანებისა და გულწრფელი აღიარების შესახებ.
სასჯელის ზომათა დადგენისას მთავრობა დაკმაყოფილდა გიორგი ერისთავის ფეხოსანთა პირველი კორპუსის ერთ –ერთ პოლკში ჩარიცხვით. 1834 წლის 9 იანვარს თბილისიდან ის გაგზავნეს ვილნოში ფეხოსანთა მესამე დივიზიის უფროსთან.

გადასახლებაში მყოფ ახალგაზრდა პოეტს ცხოვრება უხდებოდა ვილნოში, ბელოსტოკში, კოვნოში, რიგაში და სხვა ადგილებში, იმის მიხედვით თუ სამხედრო ნაწილს, რომელშიც ის მსახურობდა, სად გაამგზავრებდნენ. უცხო ქვეყანაში ყოფნას პოეტისათვის ფუჭად არ ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ კარგად შეისწავლა პოლონური ენა, გაიცნო პოლონური ლიტერატურაც. კერძოდ, დიდი ინტერესი გამოიჩინა სახელოვანი პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის შემოქმედებისადმი და თარგმნა მისი ლექსები.

ვილნოში გიორგი ერისთავი მოუნახულებია მის ბედში მყოფ პოეტს გრიგოლ ორბელიანს, ისინი ხშირად ხვდებოდნენ და თავიანთ ლექსებსაც აცნობდნენ ერთმანეთს. გადასახლებაში მყოფი გიორგი ერისთავი 1836 წლის დეკემბერში მოუნახულებია მის ძმას – ივანესაც. 1838 წლის აგვისტოში გიორგი ერისთავმა მიიღო სამშობლოში ერთი წლით დაბურუნების უფლება და სიხარულით გამოემგზავრა.

შეთქმულების ტრაგიკულმა დასასრულმა ახალგაზრდა პოეტის ოცნებას, ცხადია, ფრთები შეაკვეცა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ნაცვლად შეთქმულებს, მათ შორის გ. ერისთავსაც, ციხის კედლები და სამშობლოსაგან მოცილება ერგოთ. ცხოვრების ამ მკაცრმა დღეებმა თავისი გამოხატულება პოვა გიორგი ერისთავის პოეზიაში. 1833-1838 წლებში დაწერილ ლექსებში პოეტი უმთავრესად გადმოქვცემს იმ სევდა – მწცხარებას, რომელიც მას პატიმრობისას და გადასახლებაში ყოფნისას დაუფლებია. ამ პერიოდის ლექსები პესიმისტური განწყობილებითაა დამძიმებული, თუმცა ეს პესიმიზმი არაა უსასოო. პოეტის მწუხარება გამოწვეულია სამშობლოსაგან იძულებითი მოწყვეტით. გიორგი ერისთავს გადასახლებაში უპოვია თანამოაზრენი. ერთ – ერთი  მათგანი ყოფილა ჩვენთვის უცნობი პოლონელი პოეტი, მაიორი მიცკევიჩი, რომლის ლექსებს მიუზიდავს ქართველი პატრიოტი. მისი თქმით, მგოსნისათვის უაღრესად სასიამოვნოა ის საღამო, როცა ”ჰპოებს კაცსა ერთისა
გრძნობი, ერთისოცნებით, ერთის ცნობით”. მეგობარ პოეტს იგი ურჩევს ”ზარდოს ალერსით” მგრძნობიარე გულში შობილი აზრი.  ეჭვსგარეშეა, ეს საერთო აზრი იყო სამშობლოს განთავისუფლება.
  
ცხოვრების გამოცდილებას პოეტი ხშირად იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ, ვიდრე დრო შესაძლებლობას აძლევს, ადამიანმა უნდა იმხიარულოს, იგემოს სიტკბოება. ასეთი განწყობილება შეინიშნება ჩვენი სახელოვანი რომანტიკოსების პოეზიაშიც.
ამავე პერიოდში გიორგი ერისთავი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. მან 1836 წელს თარგმნა შილერის ”ხელჯაგვი“, ადამ მიცკევიჩის ” ბაღჩისსარაია”, ”პილიგრიმი”, ”პატოცკის საფლავზედ” და 1838 წელს ” მოგონება” .

1839 წლის ბოლოს გიორგი ერისთავი კვლავ დაბრუნდა პოლონეთში და 1841 წლამდე დაჰყო სამხედრო სამსახურში. 1841 წლის 3 ივნისს იგი შტაბს-კაპიტნის ჩინით გაუთავისუფლებიათ სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ 1842 წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ ბრუნდება სამშობლოში.

საქართველოში ჩამოსული გიორგი ერისთავი ერთ ხანს არ მსახურობს და ოჯახურ საქმეებს აგვარებს, თანაც შემოქმედებით მუშაობას ეწევა. *# 1842 წლის 31 ოქტომბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს სწერს: ”შენ –გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი (გიორგი ერისთავი) ნახო, ჩემს მაგიერ მოიკითხეთ და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისკენთქო. როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსათქო”. ჩანს, გიორგი ერისთავს ნიკოლოზ ბარათაშვილთან ახლო მეგობრობა ჰქონდა. ამას მოწმობს ლექსიც ”თ. ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის გარდაცვალებაზედ”. 

1844 წელს გიორგი ერისთავმა ცოლად შეირთო იაგორ ალიხანოვის ქალი – ელისაბედი და ხიდისთავში დასახლდა. *# 1847 წლის აგვისტოში გიორგისა და ელისაბედს შეეძინათ ორი ვაჟი –დავითი და კონსტანტინე. კონსტანტინე მალე გარდაიცვალა, ხოლო დავითი, შემდეგში ცნობილი დრამატურგი, მშობლების დიდი მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა.

ხიდისთავში გიორგი ერისთავი ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. დროდადრო თბილისშიც ჩამოდიოდა და მანანა ორბელიანის სალონის სტუმარი იყო. სწორედ ამ სალონში გააცნო გააცნო ერისთავმა იმდროინდელ ქართველ მოღვაწეებს თავისი დრამატული ნაწარმოებები, რომელთა წერას მან ჯერ კიდევ 1839 წელს, შვებულებაში ყოფნის დროს მოჰკიდა ხელი. ამ წელს დაწერა მან “ შეშლილი”, ხოლო მომდევნო წელს (პოლონეთში ყოფნისას) დაასრულა კომედია “დავა”, რომლის წერა საქართველოში 1839 წელს დაიწყო. 
1849 წელს გიორგი ერისთავმა დაწერა კომედია “გაყრა”, 1850 წელს –“ძუნწი”, ორმოცდაათიანი წლების დასასრულს კი – “ წარსული დროების სურათები”. გარდა ამ ორიგინალური კომედიებისა გიორგი ერისთავს რუსული ენიდან უთარგმნია და გადმოუკეთებია რამდენიმე დრამატული ნაწარმოები, რომლითაც მან გაამდიდრა ახლად აღორძინებული ქართული თეატრის რეპერტუარი. სწორედ გიორგის ერისთავის „გაყრით“ აღდგა ქართული თეატრი.
  
მართალია, გიორგი ერისთავს ლექსების წერისათვის თავი არასოდეს დაუნებებია, მაგრამ ორმოცდაათიანი წლების დასასრულიდან მისი სამწერლო მოღვაწეობა უმეტესად დრამატურგიის სფეროში მიმდინარეობდა. იგი ქართული ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც დრამატურგი და სამუდამოდ დაიმკვიდრა ნიჭიერი შემოქმედის სახელი.

გიორგი ერისთავის ორიგინალური დრამატურგია მიძღვნილია ძირითადად ერთი თემისადმი, ესაა 40 – 50-იანი წლების საქართველოს სოციალური ყოფა, რომლის რეალისტურმა ასახვამ ერისთავს დიდი სახელი მოუხვეჭა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

ნაშრომების მიმოხილვა
    
გიორგი ერისთავის პირველი კომედია, რომელიც იმთავითვე დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა, “შეშლილი” იყო. “შეშლილში” ასახულია მწერლის თანამედროვე ქალთა საზოგადოების მეშჩანური ნაწილის ცხოვრება. ქალთა ამ წრეს ერისთავმა დაუპირისპირა ახალგაზრდა ქალი ტასო და რუსეთში სწავლა–განათლება მიღებული ბეგლარი, რომელიც პოეტური ნიჭითაა დაჯილდოებული.  მწერალმა “შეშლილში” ანახანუმისა და მისი რძლების სახით დაგვიხატა მაღალი წოდების  ნაწილი, რომელსაც დაუკარგავს ადამიანური მორალი. ამ გმირთა მთელი ცხოვრება და მოქმედება მხოლოდ სიცილს იწვევს და სიცილთან ერთად ზიზღსაც. ამაშია გიორგი ერისთვის იუმორის სიმძლავრე და სატირული ბუნება.

სავაჭრო კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებით ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის რღვევა და თავადაზნაურთა დაცემა- გადაგვარება უფრო მკვეთრად მოცემულია ერისთავის მოგვიანებით დაწერილ კომედიებში: “დავა”, “გაყრა”, “ძუნწი” , რომლებიც 1840, 49 და 50 წლებში შეიქმნა.

გიორგი ერისთავმა, პირველმა ქართულ ლიტერატურაში, ასახა ეკონომიურად დაცემის გზაზე დამდგარი მაღალი წოდების ბედოვლათობა, გონებრივი შეზღუდულობა და ზნეობრივი სიღატაკე. მან პირველმა შეამჩნია, რომ მე –19 საუკუნის 40 –იანი წლებისათვის ქართველმა თავადაზნაურობამ დაკარგა ცხოვრების უნარი, ალღო ვერ აუღო ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობას, ავადმყოფურად ჩაეჭიდა ძველ პატრიარქალურ სამყაროს და ამაოდ შეეცადა მის შენარჩუნებას.გ. ერისთავმა თავისი კომედიების ენითაც ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ ძვრებზე, რასაც ადგილი ჰქონდა იმ ეპოქაში.

გიორგი ერისთავმა განჭვრიტა, რომ ჩამორჩენილ ნატურალურ მეურნეობაზე და მის მოტრფიალეთა ბრწყინვალებაზე ლაპარაკი თავისთავად ჩამორჩენილობას ნიშნავდა. მის თანამედროვე მოღვაწეთაგან განსხვავებით, მან  თვალი გაუსწორა სინამდვილეს, დარწმუნდა, რომ წარსულზე ტირილი, წინაპართა აჩრდილების წინაშე ქედის მოხრა არაფერს იძლეოდა; მან დრომოჭმულსა და ჩამორჩენილს შელამაზება კი არ დაუწყო, არამედ ნამდვილი სახელი უწოდა და რეალისტურ სახეებში ასახა მთელი მისი ავლადიდება.
მიუხედავად ამისა, “შეშლილი” და “დავა” აშკარად გვარწმუნებს, რომ ახალი თაობის წარმომადგენლები მოუმზადებელნი არიან ცხოვრებისათვის. მეტ დროს ოცნებას ანდომებენ, ვიდრე საქმეს. საკმარისია მცირე დაბრკოლება და წინააღმდეგობა, რომ ისინი დაიბნენ ან დათმობაზე წავიდნენ. ახალი თაობის უსუსურობა და მისი მოუმზადებლობა პრაქტიკული ცხოვრებისათვის მეტი სიცხადით “გაყრაში” გვიჩვენა ავტორმა. თუმცა, გიორგი ერისთავის კომედიების იდეური აზრი ისაა, რომ უარყოს ბატონყმური ცხოვრება, რომელიც ყოველგვარი ჩამორჩენილობისა და უბედურების წყაროა.მებატონეთა ვერაგობას და მათ ”საგმირო საქმეებს” ერისთავი მოხერხებულად ამჟღავნებს თავის კომედიებში. ამ მხრივ განსაკუთრებით ”გაყრა” არის საინტერესო. 

  
1864 წლის 9 სექტემბერს (ძვ. სტილით) გიორგი ერისთავი, სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა ქ. გორში. გიორგი ერისთავის გარდაცვალების გამო გორში დიდძალი ხალხი ჩამოსულა, მათ შორის პოეტის ყრმობის მეგობარი გრ. ორბელიანიც.

დაკრძალულია სოფელ იკორთის მონასტერში ახლანდელი ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია გიორგი ერისთავის საფლავის ქვა მოიპარეს, ამიტომ წლების შემდეგ მისი საფლავის მდებარეობის დადგენა შეუძლებელი გახდება. ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ერისთავის შემოქმედებას ცდილობენ  მისი თბილისში გადმოსვენების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ.
   


1961 წელს  დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი დაფუძნდა სოფელ ოძისში. მუზეუმი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სასახლეში. მუზეუმში დაცულია მამა-შვილის –  ცნობილი საზოგადო მოღვაწეების დავით და გიორგი ერისთავების ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტური მასალები – სულ 836 ექსპონატი. 2008 წელთან შედარებით სახლ-მუზეუმის ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია , რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შენობის მდგომარეობით.
  
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.
  
1934 წელს ქ. გორში გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი დაარსა და დღემდე წარმატებულად მოღვაწეობს.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.